საპარლამენტო უმრავლესობა – კობა გვენეტაძემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ყველა ძირითად შეკითხვას ამომწურავი და კონკრეტული პასუხი გასცა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად,  ყველა კითხვას გასცა პასუხი, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე.

მისივე განმარტებით, კობა გვენეტაძემ ქრონოლოგიურად, დეტალურად და დამაჯერებლად ახსნა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დოკუმენტურად აფიქსირებდა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გამოწვეული რისკების ზრდას და კორპორატიულ მართვაში არსებულ პრობლემებს. კოვზანაძე განმარტავს, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ეროვნული ბანკი  უშედეგოდ ითხოვდა 2015-2018 წლების განმავლობაში, 2019 წელს კი გამოიყენა რეგულატორისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.

მისი თქმით, „თიბისი ბანკმა“ სრულად გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მოთხოვნები, გამოაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაცია და გადაიხადა ჯარიმა.

„საკითხი ამოწურულია! ერთს დავამატებ: თავად “თიბისი ბანკის” აუდიტორმა, დიდ ოთხეულში შემავალმა აუდიტორულმა კომპანია ,,ფრაის ვოთერჰაუს კუპერსმაც“ სამართლიანად და კანონიერად აღიარა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სანქციის გამოყენება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძეც იწონებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს, რომელიც ქვეყნის პირველმა ბანკირმა პარლამენტს წარუდგინა. დეპუტატის თქმით, მთავარი აქცენტები, რასაც ქვეყნის მთავარი ბანკი დგამს ფინანსური სტაბილურობისკენაა მიმართული. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული აქტივობების ძირითადი ვექტორი სწორია. დეპუტატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ფინანსური პოლიტიკა ისე გატარდეს, რომ აღარ გვყავდეს იპოთეკარების კლასი.

„მაღალი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი უპირველესი ამოცანა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ხალხის გაღარიბების და უთანასწორობის ზრდის ხარჯზე მიუღებელია. ჩვენ ისტორიაში მხოლოდ ახლა ვდგამთ პირველ შეგნებულ და გააზრებულ ნაბიჯებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ის, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ და ფინანსურ პოლიტიკას სწორად ატარებს, იმითაც დასტურდება, რომ ის მოხვდა მსოფლიოს ოთხმოცდაათი ცენტრალური ბანკიდან თექვსმეტ საუკეთესოთა სიაში. მანამდე კი კობა გვენეტაძე ვიხილეთ ექვს რეგიონალურ საუკეთესო ბანკირთა შორის. ეს გახლავთ სავალუტო ფონდის მიერ აღიარებული. ეს სხვა არაფერია, თუ არა მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანაში სწორი და თანმიმდევრული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ხორციელდება,” – გააცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები