ირაკლი მაკალათია: „მთავარი არ არის რამდენს დავხარჯავთ, მთავარია, რაში და როგორ დავხარჯავთ ფულს განათლებაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას ეკონომისტები არაერთგვაროვნად აფასებენ.

ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მაკალათია, ამბობს, რომ ბიუჯეტის 25%- ის მიმათვა განათლებაში ცუდი არ არის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხა სწორად დაიხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს. მაკალათია ამის დასტურად სხვა ქვეყნების მაგალითს ასახელებს.

„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განათლებაში მიმართული მთავრობის დანახარჯებით, ტოპ 10-ეულის პირველ ადგილას არუბა დგას განათლებაში მშპ-ის 7,08 პროცენტიანი წილით, მეათეზე ანტიგუა და ბარბუდაა 5,25 პროცენტიანი წილით. ყველასთვის ცნობილია ამ ქვეყნების განათლებისა და ეკონომიკური განვითარების დონე. არც ათეულის სხვა წევრები არიან სახარბიელო მდგომარეობაში, მაგალითად, ავღანეთი(7,05%), ანგოლა(6,67%), აბანეთი(6,41%) ანდორა(6,19), ემირატები(5,96%), არგენტინა(5,75%), სომხეთი(5,27%), სამოა(5,27%). პრემიერ მინისტრმა დააანონსა, რომ ჩვენთან განათლების წილი იქნება მშპ- ის 6 %. გასათვალისწინებელია, ამ ქვეყნების გამოცდილება. თუ ამ ქვეყნებში არ მუშაობს მხოლოდ თანხობრივი და პროცენტული მიდგომა, რა გარანტია გვაქვს, რომ იმუშავებს ჩვენთან? “ – აცხადებს მაკალათია.

ეკონომიკის ექსპერტი ამტკიცებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაზე გაზრდილი ხარჯი ვერ გახდება განათლების ხარისხის და დონის ზრდის გარანტი. ექსპერტი იხსენებს რამდენიმე წლის წინ სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანიას და ამბობს, რომ თუ ამგვარ აქტივობებში გაიწერება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, რეფორმა უშედეგო იქნება. ექსპერტი მთავრობას რეფორმის კონკრეტიზებისა და გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ბახტაძის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი მთავრობა ვალდებული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის მიმართული იქნება განათლებასა და ადამიანურ კაპიტალზე.

“ამასთან ერთად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, და მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ 2012 წელთან შედარებით ჩვენ ერთი მილიარდით გავზარდეთ განათლების ბიუჯეტი და წელს არის მილიარდ ექვსასი მილიონი, ამავე დროს ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წელს ის იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს 2.5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ანუ ის იქნება სამი მილიარდ 400 მილიონი ლარი. ეს იქნება ის მინიმუმი რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას რომ განათლებაზე მიმართოს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

პრემიერის განმარტებით, ეს თანხა და ინვესტიციები მოხმარდება საქართველოში განათლების ხუთივე დონეს: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ბახტაძის თქმით, მთავრობას ექნება ღია პლატფორმა ონლაინრეჟიმში სადაც ხელისუფლება მზად იქნება განიხილოს ყველასთან, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ამ რეფორმის სამოქმედო გეგმა.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები