ექსკურსიებისა და ტურების მოსაწყობად ლიცენზიის აღება გახდება საჭირო

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ზამთრის ტურისტული სეზონი წარმატებულად შეაფასა , თუმცა ტურისტული კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე, რომელიც მათ ოპერირებას აფერხებს.

Georgian Holiday – ს ხელმძღვანელი, მანანა ცირამუა მედიაცენტრ „მთავართან“ ყვება, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელია პარკირების პრობლემა ყველა კურორტზე. ეს განსაკუთრებით ართულებს ოპერირებას ზამთრის კურორტებზე. გარდა ამისა, როგორც მსხვილ ქალაქებს, ისე აეროპორტებს  არ გააჩნია ავტობუსების და სხვა ტურისტული ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები ქალაქის ექსკურსიების მსვლელობის დროს.

 „პარკირების შემდეგ თავს იჩენს საპირფარეშოების არარსებობა ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე) და გზებზე (1. თბილისი- კახეთის გზატკეცილი- ალვანი 2. გორი-ბორჯომი-ახალციხე-ვარძია 3. თბილისი-თეთიწყარო-წალკა-ახალქალაქი 4. ქუთაისი-ზუგდიდი-მესტია 5. ქუთაისი-ბათუმი – სარფი). საზოგადოებრივი საპირფარეშოების საკითხი აუცილევლად და დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი საკითხია,“ – აცხადებს მანანა ცირამუა.

მისივე თქმით, უხერხულობას ქმნის და ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებს  აგრესიული მათხოვრები ქალაქის ექსკურსიების მსვლელობის დროს და ქალაქგარეთ ეკლესიების ეზოებთან, არაკომპეტენტური და უკონტროლო ექსკურსიები.

„პრობლემაა ასევე სასტუმროების ვარსკვლავების კლასიფიკაციის ნორმების სისტემა. დღემდე ვერ დადგინდა ეროვნული სტანდარტი და არ არის აღიარებული სტანდარტის გაკონტროლების შესაბაბისი მექანიზმი. არაერთხელ მითქვამს ტურიზმის თემატიკაზე გამართულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე, ფორუმებზე, რომ აუცილებელია საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობის გაზრდა გუგლის საძიებო სისტემებში. კარგი იქნებოდა ფრენის ტარიფების შემცირება და სახმელეთო საზღვრებბზე (სარფი, ლარსი, ლაგოდეხი, სადახლო) მომსახურების ხარისხის ამაღლება, რათა გაიზარდოს საზღვრის გადაკვეთის გამტარუნარიანობა,: – აცხადებს ცირამუა.

მისივე თქმით, ზამთრის სეზონი ბევრად წარმატებული იქნებოდა, ინფრასტრუქტურულად რომ მეტად მომზადებული დახვედროდა კურორტები. ცირამუა ამბობს, რომ გოდერძიზე ერთი სასტუმროა და როცა თოვს, მისვლა რთულდება. თეთნულდზე არ გაქვს არც სასტუმრო, არც საპირფარეშო და არც კაფე. ბაკურიანში საცობების გამო შეიძლება 4-5 საათი შეიძლება დაგჭირდეს სასრიალობდე მიღწევისთვის. გუდაურში არ გაქვს სოფელი, სადაც საღამოს 5 საათის შემდეგ გაისეირნებ.

„ რამდენად მზად დახვდა ზამთრის კურორტები ამ სეზონს? მაგალითად მოგიყვანთ ბაკურიანის „ტატრას“ . აქ ორი ლიფტია 1 ლარიანი & 3 ლარიანი. როცა ლიფტები ჩართულია, ნაკადი არ წყდება 10 სთ-დან 17 სთ-მდე (7 სთ, ანუ 420 წთ) და ყოველ 1 წუთში შეიძლება კურორტის ბიუჯეტში 3+1=4 ლარი ანუ, დღიურად ჯამში 1680ლარი შევიდეს, მაგრამ 3 ლარიანმა ლიფტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, ვერ გაიარა აკრედიტაცია და მთელი სეზონი იყო გამორთული. იმუშავა მხოლოდ მოკლე საბაგირომ (420 წთ=420 ლარი). აი ასე დახვდა მთის კურორტების განვითარების სააგენტო ზამთრის სეზონს. ზაფხულზე სხვა პრობლემები იჩენს თავს, რომელიც არადაარ მთავრდება,“ – აცხადებს ცირამუა.

მედიაცენტრი „მთავარი“ ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის სხვა ტურ. ოპერატორბესაც დაუკავშირდა. „კინგ ტურის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ეკა ხორგუანმა გვითხრა, რომ მათ საქმიენობაში ხელს უშლის ის, რომ ტურისტულ ბაზარზე ლიცენზირების საკითხს სახელმწიფო მეტად უნდა აკონტროლებდეს.

„ლიცენზირების საკითხი უნდა გამკაცრდეს, ვინაიდან ვისაც მანქანა ჰყავს და გაქცეული უცხოელის მობრუნება შეუძლია, ყველა მძღოლ-გიდობას იბრალებს. ბუნებრივია, ისინი გადასახადებს არ იხდიან, შესაბამისად, ძალიან დაბალ ფასში ემსახურებიან ტურისტებს. როდესაც ტურისტული კომპანიების, განსაკუთრებით, ჩვენნაირი ახალი, ნაკლებლად ცნობილი ოპერატორების ფასებს იგებენ უცხოელები, უარს ამბობენ ჩვენს მომსახურეობაზე. თბილისში დიდი პრობლემაა ბოშების საკითხიც. ტურისტულ ადგილებში გიდი ორი წუთით რომ გაჩერდეს ტურისტებთან ერთად, ეხვევიან მათ ბოშები, მათხოვრობენ, ხშირ შემთხვევაში, ძარცვავენ ტურისტებს, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ჩვენს ბიზნესზე, არამედ ზოგადად, ქვეყნის იმიჯზე,“ – აცხადებს „კინგ ტურის“ ხელმძღვანელი ეკა ხორგუანი.

 მისი თქმით, სასურველია, თუ მეტი მისანიშნებელი აბრები და დაფები დაემატება ქალაქგარეთ. ხორგუანი საუბრობს ასევე შშმ პირების მომსახურეობის სირთულეებზეც. მისი თქმით, ამ პირებზე არ არის გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა.მისივე განმარტებით, ნაკლებია მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალის მზაობა, რაც მომსახურების ხარისხს დაბლა წევს.

ეკნომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მედიაცენტრ „მთავარს“ ამ პრობლემათა უმეტესობა დაუდასტურეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაწყებულია მუშაობა ექსკურსიებისა და ტურების ლიცენზირებაზე. უწყება ამ საკითხზე ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებთან და კომპოანიებთან სამუშაო შეხვედრას გეგმავს.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები