„როდესაც კვლევაში კლანზე მიუთითებ, ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა” – გიორგი კახიანი

„როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას.

„ვფიქრობ, ეს არასწორია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამავდროულად, ასეთი კვლევის შედეგებიც, ბუნებრივია, ძალიან დიდი ალბათობით, რელევანტურად ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თბილისის ოფისის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევასაც იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული.

„ეს მაშინ, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვაშინგტონის ოფისის მერ ჩატარებული ანალოგიური კვლევიდან გამომდინარე საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესებულია, ანუ, ამ თვალსაზრისით, პოზიტიური ცვლილებები არის. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ტარდება კვლევა, რა კითხვებია დასმული. არასწორად დასმული კითხვებიდან საზოგადოების განწყობაც შესაძლოა არარელევანტური იყოს”, – აცხადებს გიორგი კახიანი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ) დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ის აზრით, სასამართლო არ არის სამართლიანი. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 87%-ს მიაჩნია, რომ მოსამართლეთს კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

მსგავსი თემები