სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებისთვის აშშ-ს საელჩო პროკურატურას მადლობას უხდის

​ამერიკის შეეთებული შტატები, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებითა და საქმის დასრულებით კმაყოფილია. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მადლობის წერილი გაუგზავნა და კმაყოფილება გამოხატა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განსაკუთრებით კი, პროკურორებს ნინო აღლემაშვილს, ზაზა დათუკიშვილსა და დავით ყაზარაშვილს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის 2018 წლის ივლისში სმიტების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში. ასეთ საქმეებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია. მათი წარმატებული გადაწყვეტა კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ეს ყველაფერი შეეხოთ“ – ვკითხულობთ როს უილსონის წერილში.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა თავდადების შედეგია: „ჩვენ მივესალმებით თქვენს თავდადებას საქმის გახსნისადმი და თქვენ მიერ ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოჩენილ ადამიანურობას. თქვენი თავდადებული პროფესიონალების შრომამ სამართლის აღსრულებისთვის ყველას გაუჩინა განცდა, რომ საქმე საბოლოოდ წარმატებით დასრულდა“.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვევობისთვის ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები