დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭს რას უყრიდნენ და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი ჩააგდეს

“მინდა მივმართო აბიტურიენტებს, – საგანგაშო არაფერია, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება”, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. 

​სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე 16 აპრილს გავა. 

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს, მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

მსგავსი თემები