2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი – იმპლემენტაციის კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიხსნა

გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე, პარლამენტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია დღეს, მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გახსნა.

​როგორც კილაძემ განაცხადა, ამ ღონისძიების მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ იმსჯელონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მიღებულ გამოცდილებაზე. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში შემცირდეს შიმშილი, ძალადობა, უზრუნველყოფილი იყოს მეტი განათლება, ადამიანის უფლებების და გარემოს უკეთესი დაცვა.

მისივე ინფორმაციით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კონფერენციის ორგანიზება საქართველოს პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ დემოკრატიული, პროგრესული სახელმწიფოს მშენებლობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს  მდგრადი განვითარების მიზნების ჯეროვან იმპლემენტაცია და ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

​მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების ჩართულობა.

„კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, საუკეთესო გზა – თავი მოგვეყარა საუნივერსიტეტო და კვლევითი საზოგადოებისთვის, იყო ისეთი თემების არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობდა დისციპლინათა შორისი და სექტორული კავშირების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ასეთი თემები არის  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ასევე, გარემოს დაცვა. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას, ჩაგვეტარებინა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ თემაზე, არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა“, – აცხადებს  სოფო კილაძე.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია UN, მისი წარმომადგენლობა საქართველოში.

„ასევე, ჩვენი მხარდამჭერები არიან გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტები, რომელთანაც კოორდინირებული მუშაობით, რამდენიმე თვის თავზე ჩვენ შევძელით დასახული მიზნის რეალიზება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

„ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები, ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები