თბილისის ზოოპარკში სპილოებს პედიკურს უკეთებენ – “მთავარის” ექსკლუზივი

“სპილოს პედიკური კვირაში ერთხელ აუცილებლად უკეთდება, ეს აუცილებელია მისი ფეხებისა და ჩლიქებისთვის” – აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას და იმ პროცედურებზე ისაუბრა, როგორ უტარდებათ სპილოებსა და სხვა ჩლიქოსნებს პედიკური.

“სპილოს პედიკური კვირაში ერთხელ აუცილებლად უკეთდება. მათი წონიდან გამომდინარე, გრუნტი რა გრუნტზეც მოძრაობენ, თავისითავად შეიძლება შექმნას პრობლემები ფეხებზე, რომელიც შემდეგ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მათ პერიოდულად ფეხები უსკდებათ, რადგან ბევრს მოძრაობენ და ჩნდება პრობლემები,”- უყვება ზოოპარკის დირექტორი „მედიაცენტრ მთავარს“ .

როგორც ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, სპილოებს პედიკურის გაკეთების პროცესი სიამოვნებთ. პედიკურს მომვლელი უკეთებს, რომელიც გერმანიიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გადაამზადეს.

“პედიკურის კეთების პროცესში სპილოები გასუსულები არიან. მორჩილად უწვდიან ფეხს მომვლელს. ის კი ფრჩხილებს უმუშავებს. ამასთანავე ფეხის გულებსაც უსუფთავებს და ჭუჭყს აშორებს. მათ ეს პროცესი ძალიან მოსწონთ და ხალისით მოდიან. ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი სპეციალისტი მომვლელი გერმანიიდან, რომელმაც ჩაუტარა ტრენინგი მომვლელებს და ასწავლა,”- აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის თქმით, პედიკური არამარტო სპილოებს, სხვა ცხოველებსაც უკეთდებათ. მათ შორის მარტორქას, რომელსაც ზამთარში კანი უსკდება და მასაჟიც სჭირდება.

მსგავსი თემები