“2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა” – მამუკა ბახტაძე

“რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი ციფრია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2019 წლისთვის.  ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა დაკავშირებული ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლდათ რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება შეძლო ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100 პროცენტით ასრულებენ ამ დავალებას. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში. რეგიონული განვითარება ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულება ჩვენთვის. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა ჩვენს რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, ეს არის სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები