19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

მსგავსი თემები