“2020 წლის არჩევნებამდე, პარლამენტში ქუცნაშვილის ადგილს ვერავინ დაიკავებს”

“არის ალბათობა, დაინიშნოს რიგგარეშე სესია, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი კონკრეტული რიცხვი. პირველივე სესიაზე ცნობად იქნება მიღებული ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუწყდება უფლებამოსილება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 38-ე ოლქის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის) მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს უფლებამოსილება 15 ივლისამდე უნდა შეუწყდეს, რადგან არსებული კანონმდებლობით, ეს მიუღებელია.

“მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ 15 ივლისამდე შეუწყდება პარლამენტის წევრს უფლებამოსილება, აღნიშნულ ოლქში ტარდება არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 15 ივლისის შემდგომ დარეგისტრირებული ეს განცხადება, რომ უფლებამოსილება შეუწყდეს პარლამენტის წევრს, გადავა გაზაფხულზე. კანონმდებლობით, თუ ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, უფლებამოსილების შეჩერება გადავა 6 თვით ადრე, რაც ლოგიკურია, იმიტომ, რომ პარლამენტში შესული სხვა წევრი სულ ერთ თვეში დაასრულებს მოღვაწეობას, რადგან ვიცით, რომ შემოდგომაზე აღარ არის სესიები.

ყველა შემთხვევაში გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო ყაზბეგში არჩევნები. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამ ოლქს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი არ ეყოლება.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის მისი უფლებამოსილება შეწყვეტილი, კი აქვს განცხადება გაკეთებული, მაგრამ პარლამენტმა უნდა მიიღოს ცნობად, მას შემდეგ რაც ბიუროზე დარეგისტრირდება და კომიტეტს გადაეცემა. მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სესია დასრულებულია, მაგრამ არის ალბათობა რომ რიგგარეშე სესია დაინიშნოს. პირველივე სესიაზე ცნობად იქნება მიღებული ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუწყდება მას უფლებამოსილება,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები