2020 წლისთვის ვაკის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

“ჩვენ გვყავს შერჩეული ბრიტანული კომპანია, რომელმაც უნდა დააპროექტოს ვაკის პარკი. 2020 წელს დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და განახლება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის დაპროექტებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

“კომპანიამ წლის ბოლოსთვის უკვე პროექტი უნდა ჩაგვაბაროს. შესაბამისად, დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესი და სწორედ ამ მიზნით გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შაბათს 12:00 საათზე ვაკის პარკში გამართავს საჯარო შეხვედრას მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და კომპანია წარუდგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი პარკის რეაბლიტაცია. მნიშვნელოვანი იქნება ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა, რომ მათგანაც მიიღონ ინფორმაცია პარკის ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით, ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ჩაერთოს ამ შეხვედრაში. ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის სტატისის მქონეა და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები