ხელისუფლებამ აღსრულება უნდა გაამკაცროს, რომ ქუჩებში შავი ბოლი არ ვიხილოთ – ეკა ლალიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, მისი ორგანიზაციის მიერ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ  პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონის აღსრულება და ადმინისტრირება ძალიან სუსტია. იგი ეკონომიკისა და შს სამინისტოებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს, რათა ქუჩებში  შემცირდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მავნე გამონაბოლქვით აბინძურებენ გარემოს.

​მისი თქმით, კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ ხშირად მძღოლებს არ აქვთ ინფორმაცია, სად უნდა მიიყვანონ საკუთარი ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად. მათ უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 14 84 და ინსპექტირების ცენტრებში რიგი დაიკაონ.

​როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეტად საპასუხისმგებლოა რეფორმის აღსრულების ნაწილი. მისი წარმატებით განხორციელება ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა უნდა გააკონტროლონ, რათა, მომავალ წელს, გზებზე გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები აღარ ვიხილოთ.

“2020 წელს შეგვეძლება ვთქვათ, რეფორმამ გაამართლა თუ არა. არასამთავრობო ორგანიზაციებს გვჯერა, რომ ეს რეფორმა ადამიანის უსაფრთხოებას, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ბოლო წლების განმავლობაში ავტომობილებზე მსგავსი კონტროლი არ ყოფილა. ვიცით, რომ ავტოპარკი არის საკმაოდ მოძველებული, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მოთხოვნები სრულებით საკმარისია რეფორმის პირველი ეტაპისთვის. 2020 წლიდან კი, რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე შეფასებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება არის მეტად საპასუხისმგებლო რეფორმა და მისი წარმატებით განხორციელებით დაინტერესებულნი უნდა იყოს, როგორც ხელისუფლება, ასევე მოქალაქეები.

​ჩავატარეთ კვლევა, რამაც რამდენიმე ასპექტი გამოავლინა. პირველი და მნიშვნელოვანი არის ამ პროცესის კოორდინაცია. უნდა გამოიკვეთოს უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პროცესების განხორციელებაზე, მონიტორინგზე, შედეგებზე. არსებობს გარკვეული ხარვეზები და გამოწვევები ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის კვალიფიკაციის თვალსაზრისით.  ტექინსპექტირების ცენტრები მეტ-ნაკლებად  მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც თავად პერსონალი აგებს პასუხს. ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მსგავსი თემები