“2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს” – ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არც რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს.

„ის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი და რეალური დაგეგმვა. სამუშაოც ბევრი იქნება გასაწევი, რადგან რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არც რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს. ჩვენს რეგიონში ამ ქვეყნებზეც ვართ დამოკიდებული, ამიტომ, საქართველოს მთავრობასა და ყველას ერთად, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებში ჩვენ ჩადებული გვაქვს 4,5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა, რა პროგნოზებიც ახლა ცხადდება, შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე 4,5%. ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებდი მთავრობას, რომ ყოფილიყო უფრო გამბედავი ბიუჯეტის დაგეგმვის კუთხით“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები