23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს – ინიციატივა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოთქვამს ინიციატივას, რომ 23 აპრილი, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.

როგორც გიორგი კეკელიძე აცხადებს, 23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, ასევე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე და ლოგიკური იქნებოდა ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელობა მიენიჭოს.

“ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლას, ნივთს, ფიქრის უნარს, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი თემები