“2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა” – სუს – ი

2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. რუსეთი გავლენის მოსაპოვებლად კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბერ ოპერაციებსა და მედიამანიპულაციებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე ასეულ ოპერატიული აღრიცხვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული, როგორც ოპერატიული, ასევე კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

„გავლენის მოსაპოვებლად რუსეთი კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბერ ოპერაციებსა და მედიამანიპულაციებს.

2019 წელს კვლავ გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, რაც გარკვეული თვალსაზრისით მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, ასევე მმართველობის ფორმების, ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას.

ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველო, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუდმივად დგას შუღლის გაღვივების და სეპარატისტული გამოვლინებების საფრთხის წინაშე.

„ამ მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები. ამავე დროს, 2019 წელს ქვეყანაში გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე ჯგუფებისგან მომდინარე რისკები. მსგავსი განწყობები ასევე კავშირში იყო მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების შედეგად მზარდ საერთაშორისო მიგრაციულ პროცესებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები.

„საქართველოში გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად, კერძოდ, „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის, განაგრძობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების შესწავლას.

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში იკვეთება ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია); ე.წ. საინფორმაციო ომი; ე.წ. რბილი ძალა; ეკონომიკური ბერკეტები; ფარული ოპერაციები.

რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, ასევე ადგილზე მოქმედი დე ფაქტო რეჟიმები. აღნიშნული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია.

აღნიშნულის შედეგად, უსაფრთხოების გარემოს გარდა, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმიჯი და ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, რუსეთი მიმართავს ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობებს, რისთვისაც აქტიურად იყენებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები