2019 წელს მოქალაქეებს 3 700 000 ლარის ღირებულების იძულებით ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს მოქალაქეებს 3 700 000 ლარის ღირებულების იძულებით ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ. უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს, გამოვლენილი იყო მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 80 ფაქტი და დაზარალებულად იყო ცნობილი 81 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 3 700 000 ლარის ღირებულების ქონება.

უწყების ცნობით, დაბრუნებულ ქონებას შორის იყო – 83 მიწის ნაკვეთი, „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“ (საავადმყოფოს შენობა ზუგდიდში).

„2019 წელს, პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 5 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მათ შორის ორი მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ცხრა პირის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რომელთაგანაც ოთხი ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2015- 2019 წლებში გამოვლენილი იყო მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 171 ფაქტი, დაზარალებულად იყო ცნობილი 335 პირი და მხილებული იქნა 46 საჯარო მოხელე, რომელთაგან 31-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებული იქნა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; ოთხ საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საიდანაც 11 პირის მიმართ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. “სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დაზარალებულად ცნობილი 335 პირიდან, 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაუბრუნდა დაახლოებით 53,500,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. მათ შორის: 133 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით დაახლოებით 2 560 000 მ2; ექვსი საცხოვრებელი ბინა; ორი აგარაკი; საოფისე და კომერციული ფართები; „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“; “აკურას“ ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები; შოვის პანსიონატის ტერიტორია; 2 თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი; 80 ერთეული ავტომანქანა; ოქროს ნაკეთობები; ფიროსმანის ფერწერული ტილო; ანტიკვარული წიგნი და სხვა ქონებები”, – ნათქვამია დოკუმენტში

მსგავსი თემები