2019 წელს, განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში გადავა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში გადავა, ის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაშიც.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ახალგაზრდობის კომპონენტი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

„განათლების რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ 2019 წელს ექნება განსაკუთრებული როლი ამ რეფორმის წარმატებაში. განათლებასთან ერთად, ჩენი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა, ახალგაზრდული ეკონომიკა, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომა მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალგაზრდობის კომპონენტი გადმოვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდობას და მათ მომავალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა 2018 წელს, სახელმწიფო უწყებების მუშაობას წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ყველა სამინისტროში, მათ შორის,  შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში; კარგი მიღწევები აქვს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

„მომავალ წელს ჩვენი საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ლარი. ჩვენ ვუყურებთ ორწლიან პროგრამას. ორწლიანი პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი იქნება. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული და მოსახლეობას, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მივუტანოთ დადებითი ეკონომიკური შედეგი და შევუმსუბუქოთ იმ პრობლემების გადალახვა, რომელიც დღეს ობიექტურად გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი თემები