2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები 21 დეკემბერს დასახელდებიან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია 21 დეკემბერს, 17:00 საათზე “ივენთ ჰოლში“ (მელიქიშვილის ქუჩის N 1 -ში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია), გაიმართება.

2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით, ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები – წლის სპორტსმენი ქალი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი, წლის მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის პარტნიორი.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს – 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.

ნომინაციაში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან : ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საინფორმაციო სამსახურში​ განუცხადეს, სესიის პროგრამა მრავალფეროვანი, ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო იქნება.

სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები.

​​რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან.

ტელ: 599 58 00 01. თეონა ომანაძე

მსგავსი თემები