2012 წლის რევოლუციური არჩევნების გმირებმა თავიანთი ადგილი უნდა იპოვონ​ – შოთა ხაბარელი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელის აზრით, სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ღირსეული ადგილი უნდა უპოვოს და ყურადღების მიღმა არ დატოვოს ისინი, ვინც “ქართულ ოცნებას” 2012 წლის არჩევნებში გაამარჯვებინა და დღეს ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები.

დეპუტატის აზრით, როცა გუნდა იღებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას პარტიის ყველა ცალკეული წევრი უნდა დაემორჩილოს.

“ვერ ვიტყვი რომ დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, ყველაფერი სისრულეში მოვიდეს. კერძოდ, 2012 წლის რევოლუციური არჩევნების გმირები, ვის კისერზეც ამ დიდმა ბრძოლამ გადაიარა და დღეს ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები, ადგილი უნდა იპოვონ. ეს განაწყენებული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ და ხელახლა ჩადგნენ ქვეყნის ფერხულში. ვერ ვიტყოდი, რომ ისინი გარიყულები არიან, თუმცა, მეტი ყურადღება სჭირდებათ. სწორედ მათი დამსახურებით ჩამოვაცილეთ ხელისუფლებას მონსტრი. ეს ადამიანები ყურადღებას და პატივისცემას აუცილებლად იმსახურებენ. ივანიშვილის გაცხადება, რომ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვლება, გულისხმობს არა მხოლოდ ამ ადამიანების დაბრუნებას, არამედ ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენას, ახალი და ახალგაზრდა სახეების წამოწევას”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ საბოლოოდ პოზიციები შეჯერდა.

შოთა ხაბარელმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩვენო კამპანიას აფასებს და აცხადებს, რომ მან ევროპული კამპანია ჩაატარა.

​სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, მას ჰყავდა ეროვნული წინაპრები და შესაბამისად, მან ჩაატარა ევროპული სახის წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება განსხვავებულ კვლევებს, რომელიც გამოქვეყნდა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყოველი არჩევნების წინ აბსურდულ შედეგებს აქვეყნებს. ყველაზე კარგი ბარომეტრი საზოგადოება, ხალხია, რომელიც გამოვა არჩევნებზე. ჩვენ კვლევებთან დაკავშირებით მანიპულაციები არ გვჭირდება. რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, ზუსტი კვლევაა. ცდომილება ძალიან მინიმალურია”, – განაცხადა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  ​

მსგავსი თემები