2012 წლის შემდეგ, ბაგა-ბაღები უფასო გახდა, იზრდება აღსაზრდელების რაოდენობა – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობა ახალი გამოწვევების წინაშეა.

“საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პატარების სრულფასოვანი აღზრდა და მივცეთ შესაძლებლობა, შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება. მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოჰყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს.

თბილისის მერმა პატივისცემა გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თაობები აღზარდეს იმ ფონზე, როდესაც მათი სამუშაო პირობები თუ ანაზღაურება,  რეალურ საჭიროებებს აცდენილი იყო.

“ჩვენი საამაყო პედაგოგები მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას იმსახურებენ და დარწმუნებული ვართ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის”, – განაცხადა კალაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის პრეზენტაციაზე.

მსგავსი თემები