2008 წლის ომში მიტოვებულ გმირ სამხედროებს დიდება და პატივი ელოდებათ და არა ჰააგა – კახა კალაძე 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ.

​​მისი თქმით, მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების და სამხედრო პირების შეცდომაში შეყვანას და მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.​

​როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას.

“ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან! სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა, “მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით”, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას.

კალაძის თქმით, ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული “ნაციონალური მოძრაობის” მთელი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება.

​პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს. ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა;

დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია”, – აცხადებს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

იგი მიმართავს ოპონენტებს, მათ, ვინც, მისივე თქმით, ამ დანაშაულების დასაფარად პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი გადალახეს: –  “ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის შეტანას”.

მსგავსი თემები