“2007 წლის ივლისში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე ევროსასამართლომ სახელმწიფოს მიერ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა” – საია

“2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საია-სა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეზე მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა”, – ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2007 წლის 3 ივლისს მომჩივანი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივნის მანქანაც გაჩხრიკეს. შედეგად, მომჩივნის შარვლის ჯიბიდან და მანქანის უკანა სავარძლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. იმავე დღეს სოდ-ის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში, საიდანაც ასევე, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

ოთხივე ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა და მხოლოდ მოგვიანებით ცნო სასამართლომ ისინი კანონიერად. მომჩივანი და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ მათ მისცემოდათ ჩხრეკაზე დამსწრეების მოწვევის უფლება, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, თუმცა, სოდ-ის თანამშრომლებმა მათ დაუსაბუთებლად განუცხადეს აღნიშნულზე უარი. მომჩივანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ხელი არ მოაწერეს ჩხრეკის ოქმებს, განმარტეს რა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“, – აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2009 წლის 18 მაისს მიმართა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა.

„წინამდებარე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საქართველომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაარღვია. სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:

– ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს ინფორმაციის საფუძვლიანობა, მათ შორის, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჩხრეკის ჩასატარებლად, რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები ან/და რა სახის ნარკოტიკი ჰქონდა თან და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება.

– დადგენილებები ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შესახებ არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას იმ მიზეზების შესახებ, რაც გაამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას სასამართლოს განჩინების გარეშე.

– სოდ-ის თანამშრომლების უარი ჩხრეკებზე დამსწრეების მოწვევასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული. მართალია, მათ მიუთითეს გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა, ჩვენებებში ან/და პოლიციის პატაკში ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომელიც გაამართლებდა მომჩივნისთვის ამ უფლების შეზღუდვას.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ მომჩივანს უარი უთხრა ჩატარებული ჩხრეკების უკანონოდ ცნობაზე იმ არგუმენტით, რომ ჩხრეკის კანონიერება სასამართლოს უკვე შემოწმებული ჰქონდა. ხოლო სააპელაციო სასამართლომ მომჩივანს შაბლონურად, სათანადო დასაბუთების გარეშე უპასუხა, რომ სახეზე არ იყო პროცედურული დარღვევები.

სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება მოხდა ჩხრეკის შედეგად, არ იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებებს, მათ ინტერესი ჰქონდათ ბრალდების შედეგის მიმართ. მათი ინტერესი განსაკუთრებით ცხადი იყო მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნავდა, რომ მას ნარკოტიკები სწორედ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. მიუხედავად მათი აშკარა ინტერესისა, ეროვნულმა სასამართლოებმა მათი ჩვენებები ავტომატურად ობიექტურ მტკიცებულებებად მიიჩნიეს განსხვავებით მომჩივნის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებისგან, რომელიც სასამართლომ არასარწმუნოდ და სუბიექტურად ჩათვალა.

ამგვარად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ ძირითადი მტკიცებულების მოპოვების წესი აჩენს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩხრეკის დროს დაშვებულმა პროცედურულმა დარღვევებმა, სასამართლო კონტროლის არაადეკვატურობამ, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტების არასათანადო შეფასებამ სასამართლო პროცესი მთლიანად არასამართლიანი გახადა, რის გამოც მომჩივნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლი“, – აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საია მსგავსი შინაარსის კიდევ რამდენიმე საქმეს აწარმოებს ევროსასამართლოში.

„ბოლო წლებში არაერთი გახმაურებული საქმე ყოფილა, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან იარაღის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჩადების თაობაზე აჩენდა ეჭვებს. მეგრელიშვილის საქმის მსგავსად, საია-ს ევროპულ სასამართლოში დამატებით სამი საქმე აქვს წარდგენილი, რომელიც სწორედ იდენტურ პრობლემებზე მიუთითებს. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომელიც პირებს სამართალდამცავი პირების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა. იმ პირობებში, როდესაც მეგრელიშვილის საქმე არსებულ სტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ საია-ში.

მათივე ცნობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზემოთ ზემოთ ხსენებულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა

მსგავსი თემები