თბილისში, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება

​თბილისში, 4 აპრილს, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება. ამ დღეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიება იმართება.

“ეს არის დღე, როდესაც უნდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მზრუნველობა მიუსაფარი ცხოველებისადმი და ვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად. თავშესაფარში გეპატიჟებათ იმისათვის, რომ შევუერთდეთ დანარჩენ მსოფლიოს და საზოგადოების ყურადღება მიუსაფარი ცხოველების პრობლემებისა და საჭიროებებისაკენ მივმართოთ,” – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს, სხვადასხვა სახის გასართობი და სახალისო აქტივობები დახვდება:  ლეკვებთან ერთად ფრიზით და ბურთით აქტივობები; ლეკვებისა და კნუტების გამოკვება; ცხოველების გასეირნება; საკატის მოწყობა-შეღებვა; ფერადი ცარცებით თავშესაფრის ტერიტორიის გალამაზება; თავშესაფრის ბინადრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღება; ცხოველების გამოსახულებებით სახის მოხატვა.

გაიმართება ცხოველების გაჩუქების აქცია.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. მისამართი: თვალჭრელიძის ქ. N 17-ა

მსგავსი თემები