მშენებლობისთვის საშიში ადგილები თბილისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა სუხიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი ​საკმაოდ სუსტ ადგილას მდებარეობს, არსებობს ტერიტორიები, სადაც მშენებლობა საშიშია ან მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

როგორც ლაშა სუხიშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მშენებლობები, პირველ რიგში, დაუშვებელია დატბორვის არეალებში. ასეთი მთავარი არეალი თბილისში არის მდინარე ვერეს ხეობა;  გლდანულაში, დიღმის წყალის კალაპოტში, სადაც დღეისთვის სახლებია ჩადგმული და დიდი საფრთხის შემცველია; ვაშლიჯვარში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დასაშვებია საკმაოდ მაღალი სტანდარტის დაცვით, უნდა იყოს გათვალისწინებული გრუნტის მდგომარეობა, შესაბამისად, იქ მშენებლობა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე დიდ დიღომში; მთაწმინდის ფერდი, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდი, დაწყებული წყნეთიდან, დამთავრებული მთაწმინდის უბნამდე. “მათ შორის, არის უბნები, სადაც უბრალოდ არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები, ასეთია ჟვანიას ქუჩა. ის, რაც დაწყებულია საფრთხის შემცველია”, – აცხადებს ლაშა სუხიშვილი.

მისივე ინფორმაციით, შარშან, ზაფხულში, გერმანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და ლეღვთახევის საფრთხეები შეისწავლეს, სადაც, ასევე არსებობს წყალმოვარდნის საფრთხე.

“თბილისში მრავლად არის უბნები, სადაც ვერ ვიტყვით, რომ არ უნდა იყოს მშენებლობები, მაგრამ საკმაოდ მაღალი სტანდარტის დაცვით უნდა განხორციელდეს. უნდა ამაღლდეს გეოლოგიური კვლევის ხარისხი. თბილისის მერიის ჩინოვნიკები არ არიან ამ საქმის სპეციალისტები და ვერ განსაზღვრავენ რა არის სწორი კვლევა და რა არა. ისინი იძულებულნი არიან დაეყრდნონ დარგის სპეციალისტებს. ამიტომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამართული კანონმდებლობა და სტანდარტიზაცია. სფეროში უნდა დასაქმდნენ სპეციალისტები. შესაძლებელია, წინასწარი კვლევები იყოს კვალიფიციური, მაგრამ მშენებლობის დროს არ იყოს ის გათვალისწინებული”, – აცხადებს ლაშა სუხიშვილი.

​მისივე თქმით, როცა საფრთხეების იდენტიფიცირებაზეა საუბარი, წამყვანი ქვეყნების ბიურაკტარებისთვის არსებობს დაუწერელი კანონი, მათ ყველაზე პესიმისტურ მოდელზე აქვთ სწორება, ანუ რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში.  

როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, თბილისში, ​ნებისმიერი საბუთის ყიდვა შესაძლებელია, იმისთვის, რომ მშენებლობა განხორციელდეს. უხარისხო და ნაკლებხარჯიანი მშენებლობები კი, მომავალში, ქალაქს გაცილებით დიდ ხარჯს და პრობლემებს მოუტანს მათი შენახვის თვალსაზრისით, ან დანგრევის შემთხვევაში. 

​მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობა ითვალისწინებს 8 ბალიან სეისმურ მოვლენებზე გათვლას. ეს მოძველებული მონაცემია და უკანასკნელი 20 წელია არ განახლებულა, მაშინ, როცა მონაცემების განახლება 5 წელიწადში ერთხელ უნდა ხორციელდებოდეს.   

“ძალიან სუსტი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი დედაქალაქი არ არის დაცული. ამის მაგალითი გვაქვს 2002 წელს, როცა 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველოში, დაიღუპნენ ადამიანები და დაახლოებით 20 000 შენობა გავიდა ავარიულ კატეგორიაში, იმ დროისთვის თბილისში 120 000 შენობა იყო. ძველი მშენებლობებიც კი, რომლებიც ვიცით, რომ კარგია, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს იმის გამო, რომ გასული ჰქონდეთ ექსპლუატაციის ვადა და არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ დღეს. როცა ახალაშენებულ შენობაში ბზარები ჩნდება ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად არ არის გათვალისწინებული გრუნტის მდგომარეობა და პირობები. ყოველგვარი კატასტროფის გარეშე, თავისით შეიძლება დაიბზაროს შენობა”, – განუცხადა “მთავარს” ლაშა სუხიშვილმა.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები