“2004 წელს, ოქრუაშვილის ბრძანებით, რუსულ დიპლომატიურ მანქანას ალყა შემოარტყეს, რაც ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა” – გიორგი ხაინდრავა

“2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის შენაერთებმა, გააჩერეს და ალყა შემოარტყეს რუსულ დიპლომატიურ მანქანას, რაც ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და რეჟისორმა, გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ინციდენტმა სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ რუსეთ-ამერიკის სამიტზე იქონია გავლენა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხიც უნდა განეხილათ.

„დიპლომატიურ მანქანებზე თავდასხმა, ეს არის ყველაზე ბარბაროსული აქტი, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს სახელმწიფომ. მაშინ ამ მანქანაში გენერალი ევნევიჩი იჯდა, რომელიც იმიტომ გააჩერეს, თითქოს ის დამნაშავე ყოფილიყო. ის მართლაც დამნაშავეა და არამხოლოდ ქართველი ერის წინაშე.

რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური, ევნევიჩი მანამდე ათჯერ მაინც იყო საქართველოში ჩამოსული, მეც ბევრჯერ შევხვედრილვარ, მაგრამ სააკაშვილსა და ოქრუაშვილს ეს მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა 2 დღეში სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო რუსეთ-ამერიკის სამიტი. ამ ინციდენტის გამო, საქართველოსთან დაკავშირებით საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს, რადგან პუტინმა არ მოისურვა იმ ქვეყანაზე საუბარი, რომელიც თავს ესხმის დიპლომატიურ მანქანას“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ყოფილი მინისტრის თქმით, თავის ნათქვამს ის იმ სასამართლოზე დაადასტურებს, სადაც ოქრუაშვილს, ბოკერიას, სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს წარდგენა მოუწევთ.

მსგავსი თემები