“2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მე დავაფინანსე”- ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება.

„მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

დღეს სასამართლომ მისი სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 

მსგავსი თემები