მურუსიძეს გირგვლიანის საქმეზე კერძოს განჩინების მიღება შეეძლო, რაც არ გააკეთა – კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი დამაჯერებელ არგუმენტად არ მიიჩნევს, მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, თითქოს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას იმ პერიოდში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას კანონი არ აძლევდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კახა წიქარიშვილმა განაცხადა, არის ერთი შესაძლებლობა, რაც ლევან მურუსიძეს ჰქონდა ამ საქმეზე, კერძოდ, მას შეეძლო მიეღო კერძო განჩინება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით. ამ კერძო განჩინებაში ჩაეწერა ყველაფერი, რაც სტრასბურგის სასამართლომ ჩაწერა თავის გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შეეძლო ეთქვა, რომ ამ საქმეზე ჩატარდა არასრულყოფილი გამოძიება, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას და შესაძლო დანაშაულს, რომელიც არ ყოფილა გამოვლენილი.

წიქარიშვილის მოსაზრებით, ​ლევან მურუსიძეს ძალიან ფართო შესაძლებლობას ანიჭებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, იმ დროს მოქმედი 50-ე მუხლი.

“შესაბამისად, მურუსიძის განცხადება, რომ მას მაშინ არ შეეძლო თავისი გულის წუხილები დაეფიქსირებინა გირგვლიანის საქმეზე არის საფუძველს მოკლებული. მას ჰქონდა ამის მშვენიერი შესაძლებლობა, რომელიც მან არ გამოიყენა. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რა საფუძვლით შეიძლება  დაიწყოს ლევან მურუსიძის წინააღმდეგ რაიმე საქმის წარმოება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვადაა გასული, მაგრამ აუცილებელია დაიდოს კვალიფიციური დასკვნები”, – აცხადებს წიქარიშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, რომლებიც განიხილავენ მურუსიძის გადაწყვეტილებებს და ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს დადებენ.

“​მოვუწოდებ კვალიფიციურ იურისტებს, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც დაწერს ლევან მურუსიძის ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა წიქარიშვილმა “მთავარში”.  

მსგავსი თემები