„20-21 ივნისს სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ – დეპუტატი ევროპარლამენტარს პასუხობს

„20-21 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს იყო შტურმი პარლამენტზე და მაინტერესებს მათ ქვეყანაში რომ მოხდეს მსგავსი რამ, თუ ვინმე შეეცდება პარლამენტში შეჭრას და ძალადობით ხელისულების დამხობას, იქნება მათ ქვეყანაში ასეთი ადამიანი დამნაშავე, თუ არა?!“- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში, ის ევროპარლამენტარების მოსაზრებას არ ეთანხმება: „ყველა ადამიანს თავის აზრი აქვს, მათ შორის, ევროპარლამენტარიც ადამიანია და შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, თუმცა, გარკვეულწილად, მე მათ ვერ დავეთანხმები. ადრეც განვაცხადე და ახლაც ვამბობ, რომ 20-21 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს იყო შტურმი პარლამენტზე, სხვა რაღაა შტურმი, თუ არა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მე მაინტერესებს მის ქვეყანაში რომ მოხდეს მსგავსი რამ, თუ ვინმე შეეცდება პარლამენტში შეჭრას და ძალადობით ხელისუფლების დამხობას, ისინი როგორ მოიქცევიან მსგავს შემთხვევაში. იქნება მათ ქვეყანაში ასეთი ადამიანი დამნაშავე, თუ არა?! მე ეს შეკითხვა მექნებოდა მათთან, მეტი არაფერი“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი ევრონესტის მერვე საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვის, დათმობაზე უნდა წავიდეს და 20-21 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

მსგავსი თემები