20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პოლიციის მაღალჩინოსნებს მომავალი კვირიდან დაკითხავენ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. 

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მისმა წარმომადგენლებმა თითქმის 10 ტომი საქმის მასალები შეისწავლეს და ამ დროისთვის გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი.

“თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, სადაც ჩვენ ვართ ჩართულები, წარმოდგენილი საზედამხედველო ფუნქციით. ეს საქმე ეხება შსს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე. დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე დახლოებით 10 ტომის საქმის მასალის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების, მათ ვისაც ჰქონდათ ფიზიკური დაზიანებები. ასევე გამოკითხულია 50-მდე ჟურნალისტი და 45-ზე მეტი პოლიციელი და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ამ კვირაში დაიწყება მაღალი დონის მმართველი რგოლის გამოკითხვები ანუ პოლიციის შემადგენლობაში მყოფი მენეჯმენტის. გარდა ამისა, დანიშნულია სამედიცინო ექპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, ამოღებულია ასევე და დაწყებულია გაშიფვრა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრულია ყველა ვიდეოჩანაწერის, მათ შორის ამოღებულია როგორც მედიით გასული ვიდეოჩანაწერის, ასევე კერძო და საჯარო ობიექტებზე არსებული ჩანაწრები”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ გამოძიება, მხოლოდ ცალკეული პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე არ კონცენტრირდეს.

“ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტების გამოძიებაზე. მთავარი ამოსავალი და აქცენტი უნდა იყოს ის, რომ დაიხატოს მთელი სურათი, თუ რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება არსებულ ინსტრუქციებს თუ საკანონმდებლო რეგულაციებს. აქცენტი უნდა იყოს იმაზე, როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რა ბრძანებები იყო გაცემული, ვინ იყო ამ ბრძანებების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი თემები