20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

დაკავებულებთან დაკავშირებით გაცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – მამუკა ჭელიძემ გააკეთა.

„დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული გ.ჯ. რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1990 წელს დაბადებული თ.დ. რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი ხალხის მასაში გაათრია;

1972 წელს დაბადებული ი.მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1975 წელს დაბადებული ბ.ლ. რომელიც ასევე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“ – აღნიშნა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

მსგავსი თემები