20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-მ კიდევ 3 პირი დააკავა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, კიდევ 3 პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ:

1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1989 წელს დაბადებული ლ. ჯ. სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

მსგავსი თემები