20 000 ხელმოწერა არმენ მკოიანის გათავისუფლების მოთხოვნით

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დაკავებული მოზარდის – არმენ მკოიანის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ 20 000 ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან.

როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალგაზრდა სრულიდ უსაფუძვლოდაა დაკავებული და გარდა აღნიშნულისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც რთულია.

„მოზარდის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას თავში აქვს 7 სანტიმეტრამდე დიამეტრის კისტა და სისტემატურ მკურნალობას გადის როგორ თბილისში ისე სტამბულში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზულ საშიშროებაა, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნებიც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. გარდა აღნიშნულისა 20 ათასმა ადამიანმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ხელი მოაწერა ამ თხოვნას, რომ ის გათავისუფლდეს. არმენ მკოიანი არის დადებითი პიროვნება,  წარჩინებული მოსწავლე, ოქროს მედლის კანდიდატია. ის დამამთავრებელ კლასშია და მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არარელევანტურია. ეს 20 000 ადამიანი თავდებში უდგება მის გათავისუფლებას, რომ გამოძიების პროცესში, ის არ დაემალება გამოძიებას“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ამბავს, ის 26 მარტს,  ახალქალაქში, მკოიანებსა და პეტროსიანების დაპირისპირებას უკავშირდება. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). როგორც ადვოკატი აცხადებს და ექსპერტიზითაც დასტურდება, დაკავებულს იარაღი არ გამოუყენებია.     

https://mcm.ge/%e1%83%93e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90/

მსგავსი თემები