20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო გარიგება უფორმდებათ, თამლიანი კი ხელს არ აწერს

კახა კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს, რომლებიც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები, საპროცესო გარიგება უფორმდებათ. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს –  ბესიკ თამლიანს, მასთან გარიგება ვერ შედგა, რადგანაც, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც დაკავებულის დედა რუსუდან თამლიანი აცხადებს, პროკურატურაში მას უთხრეს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს და დოკუმენტზე ხელმოწერა მას სთხოვეს.

„პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ყველას უფორმდება. გიორგი მუკბანიანს ვუთხარი, შეცდომაში არ შემიყვანო, თუ რამე ისეთია ადვოკატთან ერთად მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ არა, არ არის საჭირო ადვოკატი, მარტო მობრძანდიო. მივედი, საბუთი გამზადებული ჰქონდათ, რომელშიც ეწერა, რომ ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილი და სოსელია თანახმა არიან 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წავიდენენ საპროცესო შეთანხმებაზე. სამი წელი პირობითი ექნებათ და ჯარიმა 2000 ლარი უნდა გადაიხადონ. მერე წერია, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი წინააღმდეგია საპროცესო შეთანხმებაზეო. 225-ე მუხლის მე-2 ნაწილს ნამდვილად არ ვაღიარებ არც მე და არც ჩემი შვილი. ჩემი შვილი 45 წლისაა, სრულწლოვანია და რა საჭირო იყო ჩემგან ხელის მოწერა?! კიდევ ერთხელ დამცინეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ”, – განაცხადა რუსუდან თამლიანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები