„20 დეკემბერი გადამწყვეტია, იანვარში, შესაძლოა, ვითარება უფრო დამძიმდეს“ – დავით ასათიანი დაკავებული ექიმის სამართლებრივ პროცედურებზე (ვიდეო)

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ექიმის სამართლებრივ პროცედურებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ექიმის მეუღლესთან ერთად ისაუბრა და განაცხდა, რომ თუ 3 დღეში ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს, იანვარში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

„დახმარება რუსეთის ადვოკატთა პალატას ვთხოვეთ. ის ადვოკატები, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში არიან ჩართულები,  არ არიან ცხინვალში მოქმედი იურისტები. ისენი არიან რუსეთში ლიცენზიის მქონდე ადვოკატები. ისინი არიან უცხო ქვეყნის ადვოკატები, რომლებიც ჩავიდნენ ტერიტორიაზე ოჯახის და ჩვენი თხოვნით. მათი ერთადერთი მიზანია, წმინდა წყლის ჰუმანიტარული დახმარება.  ამ ადვოკატებმა მოინახულეს ვაჟა, აქვთ მასთან კომუნიკაცია და იმედია მაქვს, ეს კომუნიკაცია დღესაც შედგება“ – განაცხადა დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, 20 დეკემბერი გადამწყვეტია ექიმის საქმეში, რადგან შემდეგ, საახალწლო არდადეგები იწყება და პროცესები იანვარში გადავა.

„ინფორმაცია, რაც ვაჟას მდგომარეობის შესახებ ვიცით, გვაქვს სწორედ ამ ადვოკატებისგან. 20 დეკემბერს ყველა წინაპირობაა იმისთვის, იმ უკანონო პროცედურებითაც კი, რომ ის გათავისუფლდეს. თუ ეს არ მოხდა 20 დეკემბერს, ეს გადადის იანვარში და შეიძლება უფრო დამძიმდეს სიტუაცია. მის მიმართ შერჩევითად ხდება სისხლის სამართლის წარმოება, მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ასეთი პოზიცია –  რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. სწორედ მისი პრინციპულობის და პოზიციის გამო, ის დღესდღეობით რჩება საპყრობილეში“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც დავით ასათიანმა განმარტა, ვაჟა ექიმის გათავისუფლება სხვადასხვა ფორმით შეიძლება: „მისი გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება მისი გათავისუფლება სასჯელის ჯარიმით ან  ჯარიმით და დეპორტაციით, ან საპატიმრო ვადის მიცემით, რითაც ის ზის ციხეში და ეს, ბუნებრივია, გამოიწვევს მის საპყრობილიდან გამოსვლას.“

https://mcm.ge/20-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90/

მსგავსი თემები