20 ათასი ჰექტრიდან თხილის უფრო მეტ და ხარისხიან მოსავალს მივიღებთ – მინისტრის მოადგილე

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი წარმატებულად აფასებს 2018 წელს, აზიური ფასორანას წინააღმდეგ განხორციელებულ სამუშაოებს და აცხადებს, რომ ბრძოლამ აბსოლუტური შედეგი დადო, რაც გამოიხატება იმაში, რომ კულტურები, რომელიც ფაროსანას უნდა დაეზიანებინა, თხილი და სიმინდი, გადარჩა და ფერმერებმა ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მინისტრის მოადგილემ განუცხადა, თხილის მოსავალში მინიმუმამდეა შემცირებული აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი და ვარაუდობს, რომ 2019 წელს, თხილის უფრო მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებს ქვეყანა. რაც შეეხება სიმინდს, შარშანდელი კარგი მოსავალი განპირობებული იყო იმით, რომ გაანეიტრალეს აზიური ფაროსანა და მასთან ერთად სხვა მავნებლებიც. ​

“თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფარგლებში მომუშავე ჯგუფმა, სამეგრელოს რეგიონში შექმნა სივრცე, სადაც ფერმერებს კვალიფიციურ რეკომენდაციებს აძლევდნენ. შედეგად მიიღეს თხილის ძალიან კარგი მოსავალი. ეს თხილი გადამუშავდა, გამოშრა, სათანადო კონდიციამდე მივიდა, შეინახეს, ფერმერი დაელოდა ხელსაყრელ ფასს და მაშინ გაყიდა. მივიღეთ ის მოდელი, რომელიც არის წარმატებული და 2019 წელს, უფრო მასშტაბურად განხორციელდება”, – აცხადებს გიორგი ხანიშვილი.   

მისივე ინფორმაციით, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მუშაობს ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც თხილის კულტურები მოდის – სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა. იქმნება 10-15 კაციანი ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თხილის მოსავლით.

“ჯგუფებმა უნდა შექმნან 10 ჰექტრიანი ფართობი. სახელმწიფო ამ ასოციაციას უყიდის და გადასცემს დანადგარებს – 200 ლიტრიანი შეწამვლის აპარატს და სხვა ხელსაწყოებს. გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააფინანსებენ ფერმერთა ჯგუფებს, რომლებიც მოუვლიან მათ ხელთ არსებულ თხილის ნაკვეთებს. ისინი დახმარებას მიიღებენ შხამ-ქიმიკატების სახით. თითოეული ფერმერი, თხილის მიმღებ საწარმოებთან იმ პირობით აფორმებს, რომ ხარისხიანი თხილის მოყვანის შემთხვევაში, პროდუქციას უპრობლემოდ ჩაიბარებენ. გვჯერა, რომ 2019 წელს 20 ათასი ჰექტრიდან თხილის უფრო მეტ და ხარისხიან მოსავალს მივიღებთ და შევეცდებით, მსოფლიო ბაზარზე ქართულმა თხილმა დღეს არსებული, არც თუ სახარბიელო პოზიციები გაიუმჯობესოს”, – განუცხადა გიორგი ხანიშვილმა “მთავარს”.

მისივე თქმით, ​​კახური თხილის ფასი წელს 5-7 ლარის ფარგლებში იყო.

ფულად კომპენსაციას რაც შეეხება, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არი არის ფერმერის დახმარების ყველაზე კარგი ფორმა. ადამიანები ხშირად ცდილობენ სახელმწიფოსგან მიიღონ ფულადი კომპენსაციები არგაწეული სამუშაოსთვის.

“კახელმა ფერმერებმა კომპენსაციები მიიღეს, რაც არ არის ყველაზე კარგი ფორმა, მათ ხარჯი ჰქონდათ გაწეული და ეს დაუდასტურდათ. მაგრამ როდესაც არაფერს აკეთებ, რა კომპენსაციას ითხოვ” , – ამბობს გიორგი ხანიშვილი.  

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები