“20 ივნისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულისთვის გამოიყენეს” – ანრი ოხანაშვილი

ეს იყო აღიარება პირდაპირ ეთერში, რომ ეს აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამოიყენეს, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ „მთავარი არხის“ ეთერში.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 20 ივნისს რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები და შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია.

„რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური, ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მათ რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები და შესაბამისად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

ეს არის პრაქტიკულად აღიარება. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ასე ჩამოყალიბება და აღწერა, თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ მათ დაგეგმილი, როგორ მოიყვანეს ეს ყველაფერი სისრულეში და როგორ გამოიყენეს ხალხი ბოროტად მათი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და მათ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაბამის ადგილს მიუჩენს.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა „ღამის მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა: „ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან“.

მსგავსი თემები