20 თეთრს აღარ სჯერდებიან, მინიმუმ 50 თეთრი უნდათ – “სტაიანშიკების” პრობლემა თბილისში

თბილისის ქუჩებში „სტაიანშჩიკების“ მომსახურება აკრძალულია და კანონდარღვევაა. ამ ადამიანების შემოსავალი არსად არ აღირიცხება, შესაბამისად მძღოლებს არ აქვთ ვალდებულება მათი მომსახურება მიიღონ, ან ავტომობილის პარკირების საფასური გადაუხადონ.

​როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს, ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში მოქალაქეების ბრალია და მათი საერთო ნება თუ იქნება, ეს სფერო მკაცრად გაკონტროლდება.

„ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი და ჩემი ბრალიც არის. ანუ მათი, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს ვუხდით. ეს ჩვენს მიერ შექმნილი პრობლემაა. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ხალხის ნება თუ იქნება, – აიკრძალება“, – აცხადებს მამუკა მუმლაძე.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” თავად მძღოლებმა განუცხადეს, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ე.წ სტაიანშიკების მიმართ არანაირი ვალდებულება არ აქვთ. მით უმეტეს, თანხის გადაუხდის, მაგრამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ამჯობინებენ “მათ წესებს” დაემორჩილონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “სტაიანშიკი” არ არის პასუხისმგებელი პარკირებული ავტომობილის უსაფრთხოებაზე და რაიმე სახის დაზიანების გამო მას სამართლებრივად პასუხს ვერავინ მოსთხოვს.

“ე.წ სტაიანშიკების არსებობას არანაირად არ ვამართლებ. მაქვს შეძენილი “პარკირება” და შესაბამისად ვაჩერებ ავტომობილს, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში ვიხდი ფიქსირებულ თანხას. დამატებითი გადასახადი ვინ დამიწესა? რატომ უნდა ვიხადო დამატებით კიდევ თანხა? ე.წ. სტაიანშიკები იძულებულს გხდიან თანხა გადაიხადო, თუ არ მისცემ, ან შეგაგინებენ, ან ისეთ ცუდ რამეს მოგაძახებენ, ან დაგწყევლიან, მდგომარეობიდან გამოგიყვანენ და გიწევს ჩხუბი. თან, 20 თეთრიანებს აღარ სჯერდებიან, უკადრისობენ, მინიმუმ 50 თეთრი უნდა გადაუხადო. სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს, თუ ითხოვენ პარკირების გადასახადს, არალეგალური გადასახადები აღარ უნდა არსებობდეს”, – აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი “მედიაცენტრ  მთავართან” საუბრისას.

მძღოლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ “სტაიანშიკს” ფულს მხოლოდ იმის გამო უხდიან, რომ მისგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აარიდონ თავი. მოქალაქეების ნაწილის აზრით, კი ტოტალური უმუშევრობის პირობებში, სინდისის ქეჯნას განიცდიან თვითდასაქმებულებს ხურდა არ მისცენ.

” არ გადავუხდი, არავინ დამიჭერს მაგისთვის, მაგრამ მორალურად ძალიან ვმძიმდები ხოლმე, არაფერი რომ არ მივცე, იმიტომ, რომ დალხინებული ცხოვრებისგან არავინ დგას სტაიანშიკად. რატომ უნდა გამიჩნდეს სინდისის ქენჯნა წამდაუწუმ, დღეში 10-15 – ჯერ ზოგჯერ, ან რატომ უნდა ვუხადო ამ ადამიანებს ვერ მივხვდი, ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე. თუმცა ამ ქვეყანაში ადამიანის ელემენტარული, სიცოცხლის უფლებებები არ არის დაცული, ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია”…

“ძალიან მიჭირს მორალურად “სტაიანშიკს” ფული არ გადავუხადო. გამოსავალი ვიპოვე, 5 თეთრიანებს  ვაგროვებ ავტომობილის სალონში. საფერფლეში, ადგილი მაქვს გამოყოფილი. 30 თეთრს ვაძლევ ხოლმე 6-ცალ 5 თეთრიანს და მივდივარ. მაგ მომენტში კმაყოფილია, ბევრ ხურდას რომ ჩაუყრი ხელში, მერე შეიძლება უკმაყოფილოც დარჩეს, მაგრამ ჭკვიანი “სტაიანშიკი” იმასაც მიხვდება, რომ შეიძლება ეგეც არ მიეცათ და მაგაზეც მადლობელი უნდა იყოს, ხოლო უმადური თუ განაწყენდება, ეგ სულ არ მადარდებს, არამედ მახარებს კიდეც. ამიტომ 5 თეთრიანები სულ მიყრია ავტომობილში”, – აცხადებენ მძღოლები.

მსგავსი თემები