2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება სკოლებსაც მოუწევთ – როგორ უნდა განაწილდნენ ბავშვები კლასებში?!

,,სავარაუდოდ, შემოდგომაზე სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელი პირობების დაცვით: ნიღბის ტარებით, ჰიგიენის დაცვით და სოციალურ დისტანცირებით’’ – ამის შესახებ  თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარს’’ განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვირუსის მეორე ტალღა მძიმე იქნა და შემთხვევებმაც იმატა,  ეს ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საკითხს.

„,მედიაცენტრი მთავარის’’კითხვას, სწავლის განახლებასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკები რამდენად მატულობს, ივანე ჩხაიძემ ასე უპასუხა: „თუ შემოდგომაზე მეორე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე იქნება და შემთხვევებიც მოიმატებს, ეს ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში საკითხს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის  შეჩერებას. პროგნოზირება წინასწარ ძალიან რთულია. ჩვეულებრივი გრიპის გამო, ამის აუცილებლობა არ იქნება.  ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ  წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ.  საუბარია  ნიღბის ტარებაზე, ჰიგიენის დაცვასა და სოციალურ დისტანცირებაზე“.

როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რეკომენდაციების დაცვამ ვირუსული ინფექციებიც კი მკვეთრად შეამცირა.

„მინდა მოგიყვანოთ იაშვილის კლინიკის მაგალითი, სწორედ მკაცრმა რეგულაციებმა  და რეკომენდაციებმა თებერვალსა და მარტში, რესპირაციული ვირუსების მკვეთრად შემცირება გამოიწვია. თითქმის განახევრებული იყო პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც მოგვმართეს რესპირაციული ვირუსების გამო და არა კორონავირუსის გამო“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

რაც შეეხება მორიგ კითხვას, საკლასო ოთახებში, სადაც მინიმუმ 22 ბავშვია,  2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და გაკვეთილებზე ნიღბის ტარება რამდენად შესაძლებელია, პროფესორი ასე პასუხობს: „ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ისეთი, რისი შესრულებაც არ წარმოგვედგინა. მაგალითად, რესტორნის რეგულაცია, რომელიც გულისხმობს მინიმუმ ექვს ადამიანს მაგიდასთან; ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც დაწესდება მგზავრების შემცირება; საავიაციო ტრანსპორტიც ემზადება იმისთვის, რომ გაუქმდეს სამი მგზავრის ერთად სხდომის პრაქტიკა და მათ შორის იყოს დისტანცია. ასე იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.  დისტანციისა და ნიღბის გარეშე 10-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება ერთ სივრცეში იქნება არასწორი“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში ბმულის და წყაროს მითითება აუცილებელია.

მსგავსი თემები