“დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ დაელოდა, – უსაფუძვლოა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაგზავნა – ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, რადგან, მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას.

„ვენეციის კომისიას გავაცნობთ იმ პროექტს, რომელიც არის მომზადებული ჩვენს მიერ. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკა არის უსაფუძვლო გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ის, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ეგზავნება ეს ვენეციის კომისიას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.

ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისათვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე იქნება საბოლოოდ მეორე მოსმენით მიღებული ჩვენი კანონპროექტი. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს,  ასე ვთქვათ, პოზიციას ვენეციის კომისიას და დარწუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა მარტივი რამ, კერძოდ, ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები