მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირება დღეიდანაა შესაძლებელი – არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ავრცელებს.

ანა მიქელაძის თქმით, გადაწყვეტილება ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, მსურველ კანდიდატებს კი დარეგისტიტება უკვე დღეიდან შეუძლიათ.


„არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს, საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება 26 საარჩევნო უბანზე.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები და ხუთივე მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, არჩევნები გაიმართება 362 საარჩევნო უბანზე.

19 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით შუალედური არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე, გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში.

ამ არჩევნებში რეგისტრირებულია 410 750 ამომრჩეველი და საერთო ჯამში, ეს არის 410 საარჩევნო უბანი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, წარსადგენი ხელმოწერების რაოდენობა შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, განსხვავებულია.

„წარსადგენი ხელმოწერების რაოდენობა შუალედური არჩევნებისთვის და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის განსხვავებულია, რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით და ეს უნდა იყოს რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 %.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ მიიღო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები. დღეიდან საინიციატივო ჯგუფებს და პარტიებს, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ არჩევნებში, 2 აპრილის ჩათვლით, შეუძლიათ, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რეგისტრაციის გავლის მიზნით. ამის შემდეგ, წარადგენენ ხელმოწერების არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა და საბოლოოდ,  დარეგისტრირდებიან კანდიდატები “, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მერის არჩევნები კი, – მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

მსგავსი თემები