მარტოხელა მშობლები შვილებს ბაგა-ბაღებში პირველივე ეტაპზე დაარეგისტრირებენ

თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის.

ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, მარტოხელა მშობლებს დამატებითი სოციალური გარანტიები შეექმნებათ, რაც  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს ხდის.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მოქმედი რედაქციით, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული, პირველ ეტაპზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“–ს ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა  შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

აღნიშნულ ჯგუფებს  ახალი სააღმზრდელო  2019 წლიდან, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაემატება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. 

მსგავსი თემები