მდინარე თეძამზე, პირველი მასშტაბური წყალსაცავი აშენდება

  •  

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თეძამის წყალსაცავის პროექტი ისტორიულია, რომლის მიზანი სოფლის გაძლიერებაა. 

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული პროექტის განხორციელებას. ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს  ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.

„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.

წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება.

თეძამის წყალსაცავიდან, სასმელი წყლით 5 სოფელი  მომარაგდება, კაშხალზე  მოეწყობა  ჰიდროელექტროსადგური. წყალსაცავის პროექტი შედგენილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. მშენებლობა მიმდინარე წელს  დაიწყება და  47 თვეში დასრულდება.

მსგავსი თემები