ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ეს ქვეყნის სირცხვილია – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია.

​ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე დროულად უნდა იქნას გამოძიებული.

„საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ წარსულიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტა გამოსცემს მარკას; დაწესდება ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის 80 წლის აღსანიშნავად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები.

მსგავსი თემები