მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ატრაქცია, „თოკების პარკი“ მოეწყო

აჭარაში ჩასულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. მისი პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.

მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად.

მსგავსი თემები