გადასხმიდან კონცერტზე სიხარულით მიდიოდა, მთელი გულით მღეროდა – მოგონებები ბაბიზე

ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტს, პიანისტი თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, “ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის”  ხელმძღვანელი, დედა თინათინი იხსენებს და ხელოვანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაბი, რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, არასდროს წუწუნებდა და ყველა საქველმოქმედო კონცერტზე სიხარულით მიდიოდა. ფონდის ერთ-ერთ ღონისძიებაზე პირდაპირ კლინიკიდან, გადასხმის შემდეგ მივიდა.  

“ბაბი! არასდროს წუწუნებდა, პირიქით სხვაზე ფიქრობდა და ყველას ეხმარებოდა. ყველა საქველმოქმედო კონცერტზე სიხარულით მიდიოდა, მთელი გულით უკრავდა და მღეროდა. უნიჭიერესი და უკარგესი ადამიანი გარდაგვეცვალა! სექტემბერში ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობდა და პირდაპირ კლინიკიდან წამოვიდა გადასხმის მერე, მე და ჩემ შვილებმა კი ვიცით ეს როგორი რთულია, უფრო შეუძლებელიც კი… ხშირად ვურეკავდი და ვეკითხებოდი, – რამე ხომ არ გჭირდება? ის კი მპასუხობდა: – არა დე, ბავშვებს მიხედე და მომიკითხე. ძალიან მტკივა გული, დე… შეხვედრამდე ჩემო უნიჭიერესო!  დრო მოვა და ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით! ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველა მის მეგობარს!”, – წერს დედა თინათინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, ახალგაზრდა პიანისტი თამარ ბაბილუა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. 

მსგავსი თემები