მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს მახათას მთაზე დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს თბილისში,
მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 30 მარტს, 15:00 საათზე, მას მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ.

მსახიობი 25 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი იყო. 2016 წლიდან ის ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. მსახიობი სხვადასხვა დროს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა. ადრეული პერიოდის როლებიდან აღსანიშნავია მისი როლები მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის – „მოჩვენებაში“.

მოგვიანებით ითამაშა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით რუსი რეჟისორის მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“, ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“, რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და სხვ.

მსგავსი თემები