გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა – პატარა ეპიზოდი მწერლის ცხოვრებიდან

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია, ის 80 წლის გახდა.

მწერალს იუბილეს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ულოცავს და 40 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და აცხადებს, რომ ბედნიერი და ამაყია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწერალი ჰყავს. 

“1989 წელს, 50 წლის გახდა, სახლში მივაკითხე, იოსებიძის ქუჩაზე, შეკითხვები დავუტოვე და პასუხები ხელნაწერი დამახვედრა, წამოვიღე და “აღმართი კაცი” გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში” დავბეჭდეთ.
ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაზე მუშაობისას ღვთისმშობელი მარიამი რაიმე კარგი და მშვენიერისთვის უნდოდა შეედარებინა, მაგრამ მეუფეს უთქვამს, ღვთისმშობელი არაფერს არ უნდა შეადაროო. ჰოდა, ადგა და დაუწერია – ღვთისმშობელი მარიამი მშვენიერი იყო, როგორც რომ თვითონო!!!
1987 წელია, დეკემბერი. გურამ დოჩანაშვილი ბიჭვინთაში ახალგაზრდა ჟურნალისტთა შეკრებაზე დავპატიჟეთ, დიდი მისია დამეკისრა,- შეხვედრაზე ვიოლინოზე უნდა დავაკვრევინო და ამისთვის ერთი პროფესიონალისგან ინსტრუმენტი ვითხოვე, თან გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ, ბატონ გურამს, წინასწარ, არაფერი უნდა სცოდნოდა. ვიოლინოს საგულდაგულოდ ვმალავ ჩემს დიდ, “კლიოშ” პალტოში.
გაგრის სადგურში ბატონმა გურამმა მაინც შენიშნა და მკითხა – უი, ვიოლინო, შენ უკრავ?
– დიახ, ბატონო გურამ – შევიფერე და ტყუილი გავამყარე- მუსიკალური დავამთავრე (არა და, არ ვიცი, რომ ვიოლინო თურმე არსებობს ოთხი ზომის – მთელი და ნახევარი დიდებისათვის, ხოლო 1/4, და 3/4 პატარებისთვის).
ბატ. გურამი ისევ მეკითხება
– ნინო, ვიოლინო მთელიააა?
– დიიიიახ, ბატონო გურამ. ძალიან ძველი ვიოლინოა, მაგრამ მთელია მეთქი…( მომეჭრა თავი…)”, – იხსენებს ჟურნალისტი. 
 
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მწერლის მამა, პეტრე დოჩანაშვილი ექიმი, ხოლო დედა, გულნარა ემხვარი – დიასახლისი იყო. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია დედის მხრიდან, მერი(ფაცა) კორძაია და პაპა, სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) იყვნენ.  

1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს, გურამ დოჩანაშვილი არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანს“ შეუერთდა.

მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო მრავალ ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. 

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები