“როდესაც ხელს აწერდნენ, ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ აფორმებდნენ კაბალურ ხელშეკრულებას” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული სპეკულაციები აზრს მოკლებულია და თუ რატომ გახდა აუცილებელი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან, – ეს საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს.

“ჩემთვის ჩნდება კითხვა – რატომ დაინტერესდა, რატომ გახდა საინტერესო კონსორციუმისთვის ამ პროექტზე საუბარი. რატომ გახდა აუცილებელი მამუკა ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან და, საერთოდ, რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი? სამწუხაროდ, კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის წარმოჩენას პროექტის გარშემო უფრო დადებითად და პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეშია.

გასაგებია მათ ინტერესი იმიტომ, რომ ინვესტორები არიან. ამას ნამდვილად ვუწყობდით ხელს, მაგრამ როდესაც წამოვიდა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, რომ, თურმე გზას ვერ ვასწრებთ, დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება. ასეთი სპეკულაციები, პირველ ყოვლისა, აზრს მოკლებულია და, მეორე მხრივ, ასეთი ვითარება ჩვენც გვაიძულებს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და არა მხოლოდ ის, რასაც გვაწვდის კონსორციუმი. რაც შეეხება ოპერატორს – კონსორციუმისგან ჩვენ ვისმენთ, რომ ოპერატორი არის ‘’SSA MARINE “ გიგანტი კომპანია.

ვადასტურებ ამას, მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ სხვა კომპანიაა ამ პროცესში ჩართული, არამედ მთავარი პრობლემაა პორტის ოპერატორის განსხვავებული მოდელი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხელშეკრულების და კონკურსის პირობებით, პორტის ოპერატორი უნდა ყოფილიყო გამოცდილი პორტის ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის სრულ კომერციულ საქმიანობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ იქნებოდა ორგანიზაცია ან კომპანია, რომელიც უბრალოდ კონტეინერების გადატვირთვას უზრუნველყოფს გარკვეულ დროში, არამედ ეს არის ოპერატორი და უნდა ყოფილიყო ისეთ ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს პორტის კომერციულ საქმიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთმა ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირველ რიგში პორტის საფასო პოლიტიკა, ზოგადად მთლიანობაში კომერციული პოლიტიკა”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კონსორციუმის მხრიდან, როდესაც ხელშეკრულებას აფორმებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ აწერდნენ ხელს კაბალურ ხელშეკრულებას.

“დღეს ბანკებს არ ჰყავთ არანაირი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გარდა, იქნებოდა პასუხისმგებელი ამ სესხებზე და სესხების დაფარვაზე და მეორეს მხრივ, მათ არ ყავთ გამოცდილი პორტების ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოზიდვას, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის განვითარებას ისეთი სახით, რა სახითაც ეს ყველას გვაქვს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ბანკები ითხოვენ როგორც საოპერაციო შემოსავლების დაბალანსებას ეგრეთწოდებული ტვირთების გარანტიით და მეორეს მხრივ, ბანკები ითხოვენ პრაქტიკულად სესხის სრულ უზრუნველყოფას სახელმწიფოს მხრიდან. ანუ, ეს არის, სამწუხაროდ ის პრობლემა, რომლის თაობაზეც ჩვენ შევიტყეთ (ბანკების მოთხოვნასთან დაკავშირებით) 2018 წლის დეკემბერში.

მანამდე ეს პირობები არ იყო განხილული და დაყენებული არც კონსორციუმის მხრიდან, კონსორციუმიც ელოდებოდა ბანკების მხრიდან პროექტების სრულ შესწავლას. სამწუხაროდ, ჩვენ, უშულოდ მთავრობაში 2017 წლიდან ვისმენთ კონსორციუმიდან, რომ პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკება ბანკებთან, პრაქტიკულად მოძიებულია დაფინანსება, რომ დღე-დღეზე იქნებოდა ეს ყველაფერი შესაძლებელი და სწორედ ამიტომ, თითოეულ შემთხვევაში, როგორც 2017-ში, ასევე 2018-ში მთავრობა იღებდა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმისთვის მიეცა მეტი დრო იმისთვის, რომ მათ აწ უკვე დაწყებულ და პრაქტიკულად დასრულებულ მოლაპარაკებაში ჰქონოდათ წარმატების კიდევ უფრო მეტი შანსი.

სამწუხაროდ, ახლა, 2018 წლის ბოლოს, ჩვენ მივიღეთ ის ვითარება, როდესაც ბანკებმა წარმოადგინეს ეს პირობები. დღეს გვესმის ისიც – კონსორციუმის მხრიდან მათ იცოდნენ, თურმე, როდესაც ხელშეკრულებას აფორმებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ აწერდნენ ხელს კაბალურ ხელშეკრულებას. ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ ბანკები მოთხოვდნენ ამ პირობებს.

სამწუხაროდ, მაშინ მათ ჩვენთვის ამის თაობაზე არ განუცხადებიათ და ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს ინფორმაცია რომ ყოფილიყო ცნობილი, დამერწმუნეთ, გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული სხვა სახით”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები