19 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ.

უგულავას ინფორმაციითვე, შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში.

“შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ, რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში. ეს არის ამ კვირის გეგმა.

პიკეტი იქნება დილიდან, როგორც არის ხოლმე, საუზმე და პიკეტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ცნებებად იქნა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, ხაში კი უმრავლესობისთვის, რადგან 6 საათზე შედიან ხოლმე. პარასკევს, რამდენადაც ვიცი, 5 საათზე ჩანიშნულია მოლაპარაკებები, შაბათს იქნება მანიფესტაცია ზუგდიდში და კვირას ბათუმში”, – აღნიშნა უგულავამ.

მსგავსი თემები